ზუგდიდში, ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის მიერ ამომრჩევლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე "ქართული ოცნება" პროვოკაციას ამზადებს. ამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ განუცხადა.
მისივე განცხადებით, პროვოკაციის ორგანიზატორები "ქართული ოცნების" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გოგია და "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელს კახა მიქაია არიან.
,,ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კახა მიქაია და ლაშა გოგია ზუგდიდში პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ. ისინი სოფლებში რამდენიმე ადამიანს აგროვებენ პროვოკაციის მოსაწყობად. ცხადია ინფორმაციის წყაროს დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ის გაიშიფრება. ჩვენ გუშინ ვიყავით სამხარეო პოლიციის უფროსთან, მივაწოდეთ ინფორმაცია და საქმის კურსი არიან. ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად მათ და ხელისუფლებას დაეკისრება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თენგიზ გუნავამ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქარაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდება.