საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა მედიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნი კამპანიის ორთვიანი პერიოდის მონიტორინგის შედეგები გააცნო.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიღებული შემოწირულობებისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებებისა და კანონის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებების შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის 1-ელი ივლისიდან 9 სექტემბრამდე პერიოდის განმავლობაში პარტიებისთვის 2 372 907.59 ლარის შემოწირულობა განხორციელდა.პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები კი ასეთია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 1 456 560.99 ლარი; "თავისუფალი დემოკრატები" - 315 077.59 ლარი; "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 223,873.00 ლარი; "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - 148 920.00 ლარი; "ეროვნული ფორუმი" - 141 136.41 ლარი; "საქართველოს კონსერვატიული პარტია" - 79 995.00; ხოლო სხვა პარტიები - 7 344.60 ლარი.