დღეს, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ავიაკონტრუქტორის ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) დაბადებიდან 117 წელი შესრულდა. ქართველი ავიაინჟინრის პატივსაცემად დღეს, თბილისში გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე, ალექსანდრე ქართველიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ავიაკონსტრუქტორის მშობლიურ სახლთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი და ალექსანდრე ქართველიშვილის შთამომავალი დიმიტრი ერისთავი იმყოფებოდნენ. მათ უდიდესი ავია-კონსტრუქტორი გაიხსენეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს. „ალექსანდრე ქართველი იმდენად ცნობილი პიროვნება იყო, იმდენად ნოვატორული იდეები ჰქონდა, რომ მის მიერ შექმნილი საფრენი აპარატები დღემდე აქტუალურია ძალიან ბევრი ქვეყნის, მათ შორის ნატო-ს ქვეყნების შეიარაღებებში. მაგრამ სამწუხაროდ, მას სამშობოლოში ნაკლებად იცნობდნენ. 31-ე ქარხანასაც მისი სახელი დაერქმევა და სახელოვან მამულიშვილს თავის სამშობლოშიც უკეთ გაიცნობენ" - აღნიშნა ირაკლი გეგეჭკორმა.
ალექსანდრე ქართველიშვილი 1896 წლის 9 სექტემბერს თბილისში დაიბადა. იგი ბავშვობიდან დაინტერესებული იყო ავიაციით, 1919 წელს კი პარიზში ავია ინჟინერიის შესასწავლად გაემგზავრა. ქართველიშვილი ამერიკის ატომური კომიტეტის წევრი იყო, მუშაობდა NASA-ს გასაიდუმლოებულ და მთვარის პროექტებზე.