სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ქორეპისკოპოსის ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, იგი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე შეკრებილ მართლმადიდებელ მრევლს გარანტიას აძლევს, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში უსლიმთა სამლოცველოს მინარეთი არ დაბრუნდება.
"მე მოგცემთ იმის გარანტს, რომ მინარეთი ამ ადგილას აღარ დაბრუნდება. უბრალოდ, ის უნდა დაუბრუნდეს თავის კანონიერ მფლობელს, ეს არის კანონიერი და კანონის ფარგლებში უნდა მოვიქცეთ. მოგიწოდებთ ამაღლების ტაძარში მივიდეთ და ღვთისმშობლის პარაკლისი გადავიხადოთ", - მიმართა შეკრებილებს მეუფე იაკობმა.
ამასთან, ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ მომიტინგეებს მოუწოდა დაიშალონ და ხელი არ შეუშალონ მინარეთის გადაადგილებას, თუმცა პატრიარქის ქორეპისკოპოსების მოწოდებას არ ეთანხმება.
"დღეს დილიდან თვალყურს გადევნებთ. თვალზე ცრემლი მადგება, როცა ვხედავ, როგორ იცავთ თქვენს უფლებებს. თქვენ აქ დგომით დიდი საქმე გააკეთეთ. დღეს ყველას ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ერის სათანადოდ დაცვა და სხვა სარწმუნოების ხალხთან მეგობრულად თანაცხოვრება. ეს იყო უკანონო მშენებლობა, რომლის დემონტაჟიც შემდგომში განხორციელდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მინარეთი აღარ დამონტაჟდება. კანონი არის კანონი და მინარეთი უნდა დასაწყობდეს ჭელაში მანამ, სანამ არ მოხდება მართლმადიდებელ და მუსლიმ ხალხს შორის შეთანხმება. ჩვენ არ ვართ კანონდამრღვევები და უნდა დავემორჩილოთ მას. სოფელ ჭელაში, სადაც მინარეთი იქნება, გაკეთდება სადარაჯო პუნქტი და მას პოლიცია დაიცავს. გპირდებით, რომ იქ მართლმადიდებლების უფლებები აღარ დაირღვევა. იქ აშენდება მართლმადიდებლური ტაძარი. დღეს აქ მინარეთმა უნდა გაიაროს, ჩვენ უნდა ავასრულოთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევა", - მიმართა მეუფე თეოდორემ აქციის მონაწილეებს.
"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, სასულიერო პირები ცდილობენ სათითაოდ აუხსნან აქციის მონაწილეებს, რომ დაშლა აუცილებელია, თუმცა აქციაზე შეკრებილთა ნაწილი მათ არ ემორჩილება.
როგორც გამოცემა იუწყება, ზარზმის მონასტრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი ცდილობს მრევლი დაშლის აუცილებლობაში დაარწმუნოს, სათითაოდ უხსნის მათ, რომ ეს არის პატრიარქის მოწოდება და მას უნდა დაემორჩილონ.
"ადამიანი შედგება ორი ნაწილისგან, სულისგან და სხეულისგან. თუ სულით მე მემორჩილებით, ხმა კი პრემიერს მიეცით და მას გამოუცხადეთ ნდობა, მაშინ ახლა თქვენ უნდა დაგვემორჩილოთ მე და პრემიერს. გაიგეთ, რომ მინარეთი არის კერძო საკუთრება და ის უნდა დაბრუნდეს სოფელში, თუ ეს ასე არ მოხდება, იქნება კანონდარღვევა", - განაცხადა მამა ნიკოლოზმა.
პარალელურად, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი შეკრებილებს რუპორით მიმართავს. ტრიბუნაზე ისინი ერთმანეთს ცვლიან და აცხადებენ, რომ ახლა დათმობა არ შეიძლება.
შეკრებილთა მეორე ნაწილი ასევე ცდილობს მრევლმა ეკლესიაში გადაინაცვლოს.
"ნუ გადავაბიჯებთ პატრიარქის კურთხევას, გაიხსენეთ ხალხნო 9 აპრილი, მაშინაც ასე მოხდა, პატრიარქმა მოუწოდა ხალხს და არავინ დაემორჩილა, ნუ გავიმეორებთ იგივეს. ორი მეუფის კურთხევაა, რო მინარეთი უნდა გავატაროთ", - მიმართა შეკრებილებს ადიგენში მცხოვრებმა დავით ტაბატაძემ, თუმცა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა მას გამოსვლა არ დაამთავრებინა.
ამ დროისთვის, მეუფეებმა ამაღლების ეკლესიაში გადაინაცვლეს, რომელიც აქციიდან დაახლოებით 150 მეტრში მდებარეობს. მათ მხოლოდ აქციის მონაწილეთა მცირე ნაწილი გაყვა.