იანვარ-ივლისში, აჭარაში რუსი ტურისტების რაოდენობა 60%-მდე, ხოლო უკრაინელი ტურისტების რაოდენობა კი 40 %-მდეა გაზრდილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო წლებში განსაკუთრებული მატება სწორედ უცხოელ ტურისტებზე მოდის და ეს ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა.
„უფრო მეტიც, წლევანდელი სტატისტიკით უცხოელი ტურისტების ზრდის მაჩვენებელი განსაკუთრებით გაზრდილია მაისიდან, რაც სეზონის ადრე დაწყების ტენდენციაზეც მიუთითებს. ქვეყნების მიხედვით იანვარ-ივლისის მდგომარეობით გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით გვაქვს შემდეგი სურათი: განსაკუთრებული ზრდა (60 %-მდე) ფიქსირდება რუსეთის მიმართულებით, 35-40 %-მდეა გაზრდილი უკრაინიდან და პოლონეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა. 24%-იანი ზრდა მოდის აზერბაიჯანზე, ხოლო 20%-იანი ისრაელზე. მეზობელი თურქეთიდან ზრდის მაჩვენებლი წელს 5%-ს შეადგენს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მთელი წლის მანძილზე მრავალ პიარ-აქტივობასა და მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებდა ამ ძირითად სამიზნე ქვეყნებში. ამ მიმართულები მუშაობა კვლავაც გრძელდება და სამომავლოდ აღნიშნული ქვეყნებიდან რეგიონში შემოსული ტურისტების კიდევ უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი"- აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.