"მეხორბლეთა ასოციაციაში" ქვეყანაში ხორბლის იმპორტის შემცირებას, ხორბალზე მოსალოდნელ დაბალ ფასებს უკავშირებენ. როგორც "მეხორბლეთა ასოციაციის" თავმჯდომარე ლევან სილაგავა განმარტავს, გასული წელი ფასების მხრივ იყო აღმავალი, ანუ მოსალოდნელი იყო, რომ წლის განმავლობაში ხორბალზე ფასი მოიმატებდა. „რაც თავის მხრივ ხორბლის დაბალი მოსავლით იყო განპირობებული. სწორედ ამიტომ საწარმოები ცდილობდნენ დროულად დაეგროვებინათ მარაგი და რაც შეიძლება მეტი რაოდენობით ხორბალი შეეძინათ"- აცხადებს სილაგავა.
"მეხორბლეთა ასოციაციის" თავმჯდომარის განმარტებით, კი წელს კარგი მოსავალია და შესაბამისად მოსალოდნელია და ტენდენციაც უკვე არსებობს, რომ ხორბლის ფასი დაიკლებს. „სწორედ ამიტომ ყველა ცდილობს ე.წ. „ფასების ფსკერს" დაელოდოს და როდესაც საკმაოდ დაბალი ფასი იქნება, ა მაშინ შეიძინოს და მარაგები დააგროვოს"- განმარტავს ლევან სილაგავა.
როგორც "მეხორბლეთა ასოციაციაში" განმარტავენ, დღეისათვის ფოთში შემოტანილი 1 ტონა ხორბლის ღირებულება 250-260 დოლარია.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ხორბლის იმპორტი 63,9 %-ითაა შემცირებული. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 6 თვეში ქვეყანაში 132,437.3 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში საქართველოში 367,348.2 ტონა ხორბალია იმპორტირებული. სტატისტიკის ეროვნულ უწყებაში განმარტავენ, რომ იანვარ-ივნისში საქართველოში სულ 44 მლნ 53 ათას 700 დოლარის ხორბალია იმპორტირებული, 2012 წლის 6 თვეში კი 84 მლნ 59 ათას 200 დოლარის ხორბალი.
სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ წელს საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბლის იმპორტი რუსეთიდან განხორციელებულა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოში რუსული ხორბლის იმპორტი საგრძნობლადაა მომატებული.. 2013 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულია 13,244.2 ტონა ხორბალი, მაშინ როდესაც 2012 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში რუსეთიდან 35 941 ტონა ხორბალი შემოვიდა. 2012 წლის 6 თვეში კი საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი ყაზახეთიდან მიიღო - 322,352.5 ტონა.
2013 წლის ხორბლის იმპორტიორი ქვეყნებიდან რუსეთის შემდეგ ლიდერები ყაზახეთი და შვეიცარია არიან.
2012 წლის მონაცემებით კი საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობით ხორბალი ყაზახეთიდან (517,159.3 ტონა) და რუსეთიდან (364,008.6 ტონა) შემოვიდა.