1 აგვისტოდან 27 დეკემბრის ჩათვლით დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ დღეს ბრიფინგი გამართა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა დევნილისათვის, რომ მათ არ შეუჩერდეთ დევნილის შემწეობა. დევნილთა რეგისტრაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ შენობებში გრაფიკის მიხედვით ჩატარდება. დევნილი, ხელახალ რეგისტრაციას იმ მუნიციალიტეტში გაივლის, სადაც არის დარეგისტრირებული.
რეგისტრაციაზე ჩაწერა შესაძლებელია წინასწარ სამინისტროს „ცხელი ხაზის" მეშვეობით - 243 11 00.
რეგისტრაციისთვის დევნილმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. დევნილის მოწმობა;
2. პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა (არასრულწლოვანმა).
6 წლამდე ასაკის ბავშვების მიყვანა რეგისტრაციის გასავლელად არ წარმოადგენს საჭიროებას.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, იმ დევნილებისთვის, ვინც ვერ მოასწრო გრაფიკით მოცემულ ვადებში რეგისტრაციის გავლა, დამატებითი კომისია თბილისსა და ზუგდიდში წლის ბოლომდე იმუშავებს.