აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უილიამ ბერნსს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობები და საეთაშორისო ფორმატში თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე. დელეგაციის წევრებმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე. ქართულმა მხარემ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული ბორდერიზაციის პროცესზე. უილიამ ბერნსმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზეც, „ჩვენ განვუცხადეთ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომ საქართველოს ახალი მთავრობა იძლევა გარანტიებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად"- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაია ფანჯიკიძემ ვაშინგტონში ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს კარგად ესმით ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას და აშშ, როგორც საქართველოს პარტნიორი, დაინტერესებულია დაეხმაროს საქართველოს და კიდევ უფრო გააღრმავოს და განავითაროს საქართველოსთან ურთიერთობები.
მასალის გამოყენების პირობები