აშშ საქართველოში წითელას გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 75,000 ვაქცინას აფინანსებს. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განაცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავზობთ: ,,აღნიშნული კონტრიბუცია პირდაპირი პასუხია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 28 მარტის თხოვნისა, დავხმარებოდით ვაქცინების ყოველწლიური მარაგის შევსებაში, რათა თავიდან აგვეცილებინა საქართველოში წითელის გავრცელება. მიმდინარე წელს საქართველოში წითელის 6,000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. 2012 წელს მხოლოდ 32 შემთხვევა იყო. ასობით ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. როგორც ცნობილია, გარდაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი.
75,000 ვაქცინის შესაძენი თანხა შეერთებული შტატების ევროპულმა სარდლობამ გამოყო და წამლის მარაგი თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარულ დახმარებათა პროგრამიდან გამოითხოვა.
ვაქცინების შეძენაში ჩართული იყო შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). ეს ორგანიზაციები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ვაქცინების განაწილებაშიც მონაწილეობენ. „გლაქსო სმით კლაინის" ვაქცინების პირველი პარტია, რომელშიც 17,000 დოზაა, საქართველოში 12 ივლისს ჩამოვიდა. დარჩენილი 58,000 დოზა აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოვა.
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საკითხებში, მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ. ვაქცინების გადაცემა წარმატებული თანამშრომლობის გამტკიცებას ემსახურება. ვაქცინები დაეხმარება საქართველოს, 2015 წლისათვის წითელასთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ გადაჭრას", -ნატქვამია განცხადებაში.