ირანთან უვიზო რეჟიმი ცალმხრივად დროებით გაუქმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. ფანჯიკიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არამედ მიგრაციის საკითხებზე მომუშავე კომისიამ მიიღო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.
მისი განცხადებით, ახალ საიმიგრაციო პოლიტის შემუშავება "ახალი გამოწვევების" გათვალისწინებით ხდება. „ამ პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში უნდა გადაიხედოს და მოწესრიგდეს სავიზო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყნებთან. ამ კომპლექსური საკითხის ნაწილია ის, რომ დროებით, ცალმხრივად შეჩერდა უვიზო მიმოსვლა ირანთან. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა 2012 წელს იყო, როდესაც ირანმა შეაჩერა ცალმხრივად ეს ხელშეკრულება და არავითარი ვნებათაღელვა ამას არ მოჰყოლია. მაშინ ეს რამდენიმე თვით იყო შეჩერებული, ახლაც ასეა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ირანის მოქალაქეებს რაიმე პრობლემები არ შეექმნებათ საქართველოში ჩამოსვლაში და მათ შეუძლიათ ვიზები აიღონ როგორც საქართველოს საკონსულოში, ასევე საზღვარზე.
მასალის გამოყენების პირობები