,,არ მაქვს ეიფორია იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხვალ მოხდება", - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მარტო რუსეთის გადასაწყვეტი არ არის
"რუსეთთან ურთიერთობები ყველაზე მძიმე და ყველაზე საინტერესოა დღეს ჩვენთვის. კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა - ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანა. ამავდროულად, შემაშფოთებელია კითხვები, რომელიც ე.წ. საზღვართან დაკავშირებით არსებობს. არ ველოდები რაღაც სასწაულს და არ მაქვს ეიფორია იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხვალ მოხდება, ან მარტო რუსეთის გადასაწყვეტია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს დიდი ნაწილი საქართველოსთან ურთიერთობას დაეთმო. ყველაზე დიდი მინიშნება ჩემთვის ის იყო, რომ არსებობს ტერიტორია, არსებობს ხალხი და მინიშნება იყო ჩვენს ძმებზე - აფხაზებსა და ოსებზე, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ ეს პრობლემები. მე ეს მინიშნება აბსოლუტურად კარგად გავიგე და აბსოლუტურად ვეთანხმები. თქვენც ნუ გგონიათ, რომ პრობლემა მარტო რუსეთის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს დიდი როლი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ტერიტორიებზე და მის დაბრუნებაზე ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ ადამიანებზე. ჩვენ უნდა მოვახერხით ჩვენი ძმების იმაში დარწმუნება, რომ ჩვენი თანაცხოვრება უფრო საინტერესოა ვიდრე ის, რაც დღეს ხდება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, რუსეთია აცნობიერებს იმას, რომ სეპარატისტული რეგიონების არსებობა თავად რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვისაც საინტერესო არ არის.