ამერიკის შეერთებული შტატების სპოეციალური სამსახურების გაქცეული თანამშრომლის ედუარდ სნოუდენის მამამ მისი შვილის შტატებში დაბრუნებისა და სასამართლოს წინაშე წარსდგომის პირობები დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ლონ სნოუდენის თქმით, ედუარდ სნოუდენი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდება იმ შემთხვევაში თუ მას არ დააპატიმრებენ სასამართლო პროცესამდე, მას არ მოაწერინებენ ხელს გაუვრცელებლობის შეთანხმებაზე და საშუალებას მისცემენ, თავად აირჩიოს სასამართლო, სადაც გაიმართება პროცესი. უფროსმა სნოუდენმა აღნიშნა, რომ მისმა ადვოკატმა აღნიშნული პირობები წერილობით უკვე გაუგზავნა შტატების გენერალურ პროკურორს ერიკ ჰოლდერს.
ლონ სნოუდენი აცხადებს, რომ არ მოსწონს მისი შვილის ამჟამინდელი გარემოცვა. „Wikileaks„ არ აღიარებს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას უზენაესად. მათთვის მთავარია, რაც შეიცლება მეტი ინფორმაცია გაავრცელონ. რა თქმა უნდა, ჩემმა შვილმა დაარღვია კანონი საიდუმლო ინფორმაციის შესახებ, მაგრამ ის ნამდვილად არ არის მოღალატე", - განაცხადა ლონ სნოუდენმა და აღნიშნა, რომ შვილთან აპრილის შემდეგ არ ულაპარაკია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. ედუარდ სნოუდენი ამ დრომდე რჩება მოსკოვის „შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ფრენის ზონაში და ელოდება თავშესაფარს მესამე ქვეყანაში. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.