„დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერები ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სტრატეგიული მარაგებიდან 100 მილიონი ბარელის ბაზარზე კოორდინირებულად გატანაზე შეთანხმდნენ. გადაწყვეტილების მიზანი ენერგეტიკულ ბაზრებზე ფასების ზრდის შეჩერება და, განსაკუთრებით, დიზელის ფასის შემცირებაა.
ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა G7-ის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გადაწყვეტილება ასევე აისახა G7-ის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
გეგმის მიხედვით, 100 მილიონი ბარელის გატანა ოთხი თვის განმავლობაში, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) კოორდინაციით განხორციელდება. ამ მოცულობაში დიზელის მნიშვნელოვანი ნაწილი პირველივე 20 დღის განმავლობაში უნდა მოხვდეს ბაზარზე.
მაკრონის განცხადებით, G7-ის ქვეყნები კოორდინირებულად იმოქმედებენ, რათა ნავთობპროდუქტებზე, განსაკუთრებით დიზელზე, ფასების შემცირებას შეუწყონ ხელი.
გადაწყვეტილება გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე გაზრდილი ფასების ფონზე მიიღეს. Reuters-ის ცნობით, G7-ის შეთანხმება ენერგომატარებლების ბაზრის სტაბილიზაციას ისახავს მიზნად.