შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უძრავი ქონების გაფლანგვის ფაქტზე კიდევ ორი პირი დააკავეს.
ქ. მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 2435 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების გაფლანგვის ბრალდებით 19 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე დააკავეს, ხოლო 20 ივნისს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ მელაძე და საკრებულოს აგრარულ საკითხთა ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თეიმურაზ ვოლკოვი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 12 ნოემბერს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლმა ვახტანგ ყიფშიძემ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კახაბერ მელაძესთან და თეიმურაზ ვოლკოვთან წინასწარი შეთანხმებით გაფლანგა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები.
ვახტანგ ყიფშიძეს, კახაბერ მელაძეს და თეიმურაზ ვოლკოვს ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „დ" ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარუდგენენ.