,,გენერალთა კლუბი" გიორგი ყარყარაშვილის წინააღმდეგ ,,ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,სამწუხაროა, რომ ძველი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც თავიანთი ავტორიტეტითაც და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობითაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანეს, ეტყობა გადაუარათ პასუხიმგებლობის შიშმა. სრულად მიენდნენ შემოთავაზებულ კოჰაბიტაციის რეჟიმს და კვლავ უტიფრად დაიწყეს სხვისი ტალახში ამოსვრა პრინციპით: მე ჩემი თქვი და დანარჩენი თქვენ არკვიეთო. აღარ დავიწყებთ საუბარს იმაზე მათი 9 წლიანი მმართველობის ხანა რა შედეგებით განვითარდა და დასრულდა არა მარტო ჩვენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, არამედ თვითონ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისთვის გლობალურ პოლიტიკაში უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით.
იმის მაგივრად, რომ საზოგადოების წინაშე დანაშაულის შეგრძნებით იცხოვრონ, გაიაზრონ და შეეცადონ საკუთარი ნამოქმედარის გამოსწორებას, იწყებენ უტიფარი შეტევების კასკადს, რისი ერთ-ერთი ადრესატიც გახდა გენერალთა კლუბის საპატიო პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში სიცოცხლეშივე სამაგალითო პიროვნებად ქცეული გენერალ-მაიორი გიორგი ყარაყარაშვილი. ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე იმ ამაზრზენ პოლიტიკაზე, რომლის რეალიზაციით ყოფილმა ხელისუფალმა და მათმა იდეოლოგიურმა მამებმა დაისახეს მიზნად ქართველი ერის ჩაწიხვლა, რომლის ერთ-ერთი საშინელი მაგალითი 2011 წლის იანვარში ომში დაღუპულთა მემორიალთან ულუკმაპუროდ დარჩენილი ომის ვეტერანების სასტიკი დარბევა იყო.
ზუსტად მათი, არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგია, რომ უპატრონოდ დარჩენენ ომებში დაღუპული მებრძოლების ოჯახები, ხოლო ცოცხლად დარჩენილებს არსებობის დილემა გაუჩინეს. ისინი ვერანაირად ვერ გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, რომ ქვეყანაში ცოცხლად დარჩენილი გმირების დაფასება სახელმწიფოებრივი ვალდებულებაა და ეს აძლევს ნათელ მაგალითს მომავალ თაობას მომავალი გმირობებისთვის. ეს სახელმწიფოებრივი პოლიტიკაა და ვერ ნახავთ მსოფლიოში სახელმწიფოს, რომელსაც ეს გააზრებული არ ჰქონდეს . ასეთი არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელება იყო გიორგი ყარაყარაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ბოლო რამდენიმე დღის ქმედებები. მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს ის თუ არა, იგი არის ამ სახელმწიფოს ძერწვაში გამობრძმედილი ფიზიკურად განახევარკაცებული, მაგრამ სულიერად თითოეული ვეტერანისთვის და უბრალოდ მამულიშვილებისთვის ღირსებისა და თავდადების მაგალითის მიმცემი. ამ ყველაფერს რომ დავანებოთ, სულ ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც საკუთარი ღვიძლი ძმა, მრავალი თანამებრძოლი, საკუთარი ჯანმრთელობა და მატერიალური კეთილდღეობა შესწირა ქვეყნის მომავალს, რა ტკივილითაც ნაციონალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდად ისარგებლეს, კვლავ თავისი მედგარი სულის ცხოვრების წესით აძლიერებს და აკელთილშობილებს წინა ხელისუფლებისგან ბევრ გამწარებულ და კითხვაგაჩენილ მამულიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ყარაყარაშვილი არის საქართველოს უმაღლესი სამხედრო წოდების, გენერალ-მაიორის მატარებელი, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე ძნელბედობის ჟამს იყო თავდაცვის მინისტრი, რამდენიმეჯერ იყო მოსახლეობის მიერ არჩეული ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფოს მის წინაშე დამსახურების თუ არა, ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ყურადღება არ გამოუჩენია. მას არც პერსონალური მძღოლი ჰყავს და მისი ტექნიკურად შელახული მანქანით გადაადგილებაში ახლობლები უწევენ თანადგომას.
გენერალთა კლუბი წარმოადგენს ღირსების და სამშობლოსთვის თავგანწირული უმაღლესი რანგის ოფიცრების ერთობას, ჩვენ არ ჩავერთვებით მათნაირ პოლიტიკანებთან დებატებში, რადგან ეს ჩვენი ღირსების საკითხია. გიორგი ყარაყარაშვილს პირადად ალბათ ნახევარი საქართველო იცნობს და მისი დაკავშირება ტენდერებთან და ამის პოლიტიკურ რაკურსში გადაყვანა უბრალოდ უტიფრობის აპოთეოზია. ეს მხოლოდ კანონის და მოკვლევის საგანია, სადაც სრულად ვართ დარწმუნებული რომ მათი ბრალდებები თითიდან გამოწოვილია. მათი ცხოვრების წესი რაც იყო, იმ საზომით ზომავენ ყველას და ჰგონიათ, რომ სხვებიც მათნაირად ცხოვრობენ.
ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, მაგრამ როცა ასეთი პიროვნებები სუფთა და გმირი ადამიანების ლაფში ამოსვრას ცდილობენ, საზოგადოებისგან მკაცრად უნდა მიეთითოს საკუთარი ადგილი". - ნათქვამია განცხადებაში.