ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოძიება 7 ივნისს განახლდა და გამოძიებას დამატებითი მტკიცებულებები წარედგინა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატმა ლაშა ბირკაიამ განუცხადა.
"ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება 7 ივნისს განახლდა და დამატებითი მტკიცებულებები სახით წარდგენილი იყო ორი კომპანიის კრების ოქმები. ამ კომპანიების აქციები გაყიდული იყო არაადეკვატურად დაბალ ფასად და ასევე არაადეკვატურად დაბალი ფასი იქნა გადახდილი აქციების მესაკუთრისთვის ანუ იმ კომპანიისთვის, რომელმაც საჩივარი შეიტანა პროკურატურაში. ეს არის უბრალოდ დამატებითი მტკიცებულებები, თორემ სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით, სხვა ბევრი მტკიცებულება არის წარდგენილი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბირკაიამ.
ბირკაია ადასტურებს რომ მხარებს შორის მლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც იურისტები იყვნენ ჩართულნი.
"მოლაპარაკებები, რომ მიმდინარეობდა ჩემთვის ცნობილი იყო. ფარული ალბათ არა, უბრალოდ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მოლპარაკებები მიმდინარეობდა იურისტების მეშვეობით, ხოლო სხვები - გაჩეჩილაძე და ხაინდრავა მონაწილეობდნენ თუ არა ჩემთვის უცნობია", - განაცხადა ბირკაიამ.
ბირკაია ვერ აკონკრეტებს თუ როდის დაკითხავს გამოძიება ვანო ჩხარტიშვილს.
"მართალი გითხრათ, ჩემთვის ჯერ ჯერობით უცნობია რა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რა არის დაგეგმილი", - აღნიშნა ბირკაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაზეთმა "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვანო ჩხარტიშვილი შესაძლოა დააკავონ. ინფორმაციას, რომ ჩხარტიშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობას, საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსი, ნათია სუხიაშვილიც ადასტურებს.