თბილისის მერი გიგი უგულავა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრებს შეხვდა. 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. შესაბამისად ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.
თბილისში სპორტული ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, „ეაოფ"-ის წარმომადგენლები ფესტივალის მზადების პროცესს შეაფასებენ, საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობის მიმდინარეობას გაეცნობიან და სპორტულ ინფრასტრუქტურას დათვალიერებენ.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლები დღეს თბილისის მერს გიგი უგულავას შეხვდნენ და მასთან 2015 წელს დაგეგმილი ფესტივალის დეტალებსა და ქალაქში ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრეს.