დღეს, 1-ელ ივნისს, ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" დაარსებიდან 8 წელი შეუსრულდა.
ამ დღესთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენს" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის (BSANNA) ბიუროს წევრი, არმენპრესის გენერალური დირექტორი არამ ანანიანი ეწვევა.
გაიმართება მოლაპარაკებები, სააგენტოებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წელს გასამართი ღონისძიებების შესახებ.
სააგენტო 8 წლისთავს ორიგინალურად შეხვდა. მომზადდა ბანერი, რომელზეც წლების განმავლობაში "ჯი-ეიჩ-ენში" დასაქმებული თანამშრომლების ფოტოებია გამოსახული.
სააგენტოს ხელმძღვანელობა ყველა თანამშრომელს ულოცავს ამ დღეს და მადლობას უხდის მკითხველსა და პარტნიორებს აღიარებისა და ერთგულებისთვის.
"მადლობას გიხდით ყველას, იმ ერთგულებისთვის, რომელიც დღემდე მოგყვებათ და საკუთარი თავისთვის "ჯი-ეიჩ-ენელს" გაწოდებინებთ. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩვენთან ერთად გიხაროდათ და იბრძოდით წარმატებისთვის. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ არასოდეს გიღალატნიათ. მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან, რომლებიც ჩვენთან ერთად განიცდიდნენ ჩვენს წარმატებებს.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთგულ მკითხველს - ათასობით ადამიანს, რომელებმაც იციან, რომ GHN მათთვის უტყუარი და ობიექტური ინფორმაციის წყაროა.
მოკლედ, ყველას გილოცავთ GHN-ის დაბადების დღეს და გისურვებთ წარმატებებს.
ასევე, დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან, რომლებიც 1-ელ ივნისს არიან დაარსებულნი", - ნათქვამია სააგენტოს დირექტორის გოჩა მირცხულავას მილოცვაში.
სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" 2005 წლის 1-ელ ივნისს დაიწყო მუშაობა. 8 წლის განმავლობაში სააგენტომ მედიაბაზარზე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელის დამკვიდრება შეძლო.
"ჯი-ეიჩ-ენი" "წლის ადამიანებისა და კომპანიების" გამოკითხვისა და "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალის ინიციატორი და ორგანიზატორია.
2008 წლის სექტემბერში ბულგარეთში გამართულ შავი ზღვის ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოების ასოციაციის მეორე ასამბლეაზე /BSENNA/ "ჯი-ეიჩ-ენი" ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.
2010 წლის 4 მარტიდან "ჯი-ეიჩ-ენი" შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსის თავმჯდომარე გახდა, ხოლო პრეზიდენტად ალიანსმა საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალური დირექტორი გოჩა მირცხულავა აირჩია. 2011 წლიდან გოჩა მირცხულავა ალიანსის აღმასრულებელ;ი ბიუროს წევრია.
2012 წლის 28 სექტემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში გამართული ახალი ამბების სააგენტოების ევროპული ალიანსის (EANA) გენერალურმა ასამბლეამ ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" (საქართველო) ალიანსის სრულუფლებიან წევრად აირჩია. (EANA - ახალი ამბების სააგენტოების ევროპული ალიანსი არის ერთ ერთი ყვეელაზე ავტორიტეტული ევროპული მედიაგაერთიაანება, რომელიც 1956 წლის 21აგვისტოს დაფუძნდა. ორგანიზაციის წევრები არიან შემდეგი ახალი ამბების სააგენტოები: AFP, APA, ANSA, ANP,AA, AZERTAC, BTA, DPA, LUSA, EFE, SDA,STA BELGA, RITSAU, PRES ASSOCIATION, PAP, HINA, ITAR-TAAS, TASR, UKRINFORM, და ა.შ..)
"ჯი-ეიჩ-ენის" პარტნიორები არიან შემდეგი ნაციონალური სააგენტოები: АNА" (საბერძნეთი), "ANADOLU AGANSI" (თურქეთი), "არმენპრესი" (სომხეთი), "АТА" (ალბანეთი), "აზერტადჯი" (აზერბაიჯანი), "BTA" (ბულგარეთი), "იტარ-ტასი"(რუსეთი), "მოლდპრესი" (მოლდოვა), "აგერპრესი" (რუმინეთი), "ტანიუგი" (სერბეთი) და "უკრინფორმი" (უკრაინა), "HINA" (ხორვატია), "МIА" (მაკედონია), Trend (აზერბაიჯანი),TASR (სლოვაკეთი),
1-ელ ივნისს დაბადების დღეს აღნიშნავს ასევე არაერთი საინფორმაციო საშუალება. "ჯი-ეიჩ-ენი" ულოცავს ყველა მათგანს და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.