ბაკურციხე-თბილისის ცენტრალური მაგისტრალი 3 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. ის მოსახლეობას ჰქონდა გადაკეტილი. ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციამ გზის გახსნა რამდენიმე წუთის წინ მაინც მოახერხა. 5 დღის წინ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობამ დილით ჯერ აქცია გამართა, მოგვიანებით კი თბილისისკენ მიმავალი მთავარი გზა გადაკეტა.
4 სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას პირველ ეტაპზე ზარალის აღწერას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიამ მათი მიწები მთლიანად გაანადგურა და წელს მოსავლის გარეშე დატოვა.
კახელების აქციაზე მთავარი მაგისტრალის გადაკეტვისას რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცველების მხრიდან გზის გახსნის მცდელობას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა და დაზარალებულები პოლიციას დაუპირისპირდნენ.
აქციაზე მივიდა მაჟორიტარი დეპუტატი და რაიონის გამგებელი, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორიც.