15 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს სტუდენტთა მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია, რომლის თემატიკა ხელოვნების საკითხებს უკავშირდება.
კონფერენცია თავს მოუყრის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის, კონსერვატორიის, ტექნიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებს, რომლებიც ხელოვნების სხვადასხვა დარგების ისტორიის და თეორიის შესწავლით არიან დაკავებულნი.
სტუდენტთა კონფერენცია საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველ წელს ტარდება. მას ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ჩაეყარა საფუძველი. პირველი კონფერენცია 2008 წელს გაიმართა.
წელს კონფერენციაზე იმუშავებს ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკისა და თეატრმცოდნეობის, კინოსა და მედიის სექციები. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები წარმოადგენენ მოხსენებებს ხელოვნების ისტორიისა და თანამედროვეობის საკითხებზე.
მნიშვნელობა ამგვარი სტუდენტური ფორუმებისა დიდია, რადგან ის სტუდენტებს ხელს უწყობს სწავლასა და წინსვლაში; საშუალებას აძლევს მათ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაეცნონ თანატოლების მიღწევებს, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში დაამყარონ სტუდენტური კავშირები.
კონფერენციის ორგანიზატორია სრული პროფესორი ნატო გენგიური, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.