შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შსს-მ ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ გამოძიება დაასრულა.
როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, გიორგი ფარესაშვილის შესახებ კადრები წინა ხელისუფლების დროს „კუდმა" გადაიღო. მისი გავრცელება კი ხვედელიძემ უზრუნველყო, რამაც მინისტრის თქმით მისი მოადგილის დაკავება განაპირობა.
"გელა ხვედელიძემ ჩაიდინა არა მარტო დანაშაული, არამედ საჯარო მოხელისა და შს-სამინისტროს თანამშრომლისათვის აბსოლიტურად შეუფერებელი საქციელი. მან არაადეკვატურად და ძალზე მტკივნეულად მიიღო მის მიმართ ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამებები და გიორგი ფარესაშვილზე შურისძიების მოტივით დამოუკიდებლად განათავსა ეს კადრები ინტერნეტსივრცეში. მისი ფიქრით ამ ფორმით მის მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია შეწყდებოდა. ჩემი ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.