საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიწის უკანონო პრივატიზების ფაქტზე მოალაქეები გაბილ ჯულფაევი, მანსურ ნამაზოვი, რამინ მუსაევი, არჩილ ხარშილაძე, თამაზ აბესაძე, თახირ ალახვერდიევი და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილე თემურ ტაბატაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ გ. ჯულფაევი, მ.ნამაზოვი და რ. მუსაევი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების საშუალებით დაეუფლნენ მარნეულის რაიონის სოფლებში არსებულ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთს. კერძოდ, ისინი დანაშაულებრივად გაურიგდნენ მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს თ. ტაბატაძეს, წარუდგინეს ა.ხარშილაძის და თ.აბესაძის მიერ დამზადებული, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ყალბი ცნობები, რის შემდეგაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 118 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები თ. ტაბატაძემ აღნიშნულ პირებს გაუფორმა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობისთვის თ. ტაბატაძემ, ა.ხარშილაძემ, თ. აბესაძემ აიღეს 30 000 აშშ დოლარი.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ მარნეულში პოლიციის ყოფილი შენობის უკან მდებარე მიწის ნაკვეთის მითვისების მიზნით თ. ტაბატაძემ და ა. ხარშილაძემ დაამზადეს მარნეულის გამგეობის ყალბი დადგენილება და იჯარის ყალბი ხელშეკრულება, რომელის თანახმად, თითქოს მათ ახლობელს გრძელვადიანი იჯარით ჰქონდა აღებული აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ყალბი დოკუმენტი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გაატარეს. რის შემდეგაც, თაღლითური გზით მითვისებული მიწის ნაკვეთი, მათ სხვადასხვა პირზე გაყიდეს და საფასურის სახით აიღეს 250 000 ლარი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 -ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები