შინაგან საქმეთა სამინისტროს  ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო  ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე ოთხი პიროვნება: წარსულში ნარკოდანაშაულისა და ყაჩაღობისათვის  ნასამართლევი გიორგი ვ, წარსულში ხულიგნობისთვის ნასამართლევი ანზორ შ, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი მიხეილ პ.  და დავით ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები რუსთავში, დავით-გარეჯის ქუჩაზე, მარკეტ „გარეჯში" შეიჭრნენ და ცივი იარაღის  მუქარით  გამყიდველს ფული მოსთხოვეს.
სამართალდამცველებმა ორი  ბოროტმოქმედი შემთხვევის  ადგილზე, ხოლო  დანარჩენი ორი  -  მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
დაკავებისას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ერთ-ერთი  თავდამსხმელი გიორგი ვ. ფეხის არეში  დაიჭრა.
გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" პუნქტებით,  რაც 6-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).