ვიზიტორების რაოდენობის დაანგარიშებაში გარკვეული კორექტივები შევიდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გაანგარიშების მეთოდოლოგიაში გარკვეული სიახლე იქნა შემოტანილი და ვიზიტების რაოდენობა დაიყო სამ პირობით კატეგორიად (ასეთი ტიპის გრადაცია გასული წლების განმავლობაში არ ხორციელდებოდა და საზღვრის კვეთის თითოეული ფაქტი გაიგივებული იყო უნიკალური პირის (ტურისტი) ვიზიტთან), კერძოდ:
ა) ტურისტი - უცხო ქვეყნის მოქალაქის ვიზიტი, რომელიც კვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და ქვეყანაში რჩება არა ნაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს ერთი წლის ვადით;
ბ) ტრანზიტი - უცხო ქვეყნის მოქალაქის ვიზიტი, რომელიც კვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში გადის მესამე ქვეყანაში;
გ) სხვა - ყველა დანარჩენი კატეგორიის პირის ვიზიტი, რომელთაგანაც ძირითადად სჭარბობენ მეზობელი სახელმწიფოების საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სამეწარმეო, სავაჭრო თუ სხვა მიზნით ხშირი პერიოდულობით და 24 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით კვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს"- განმარტავენ შსს-ში.