5 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
მემორანდუმის თანახმად, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ფინანსთა სამინისტროში პრაქტიკასა და სტაჟირებას გაივლიან. ფინანსთა მინისტრი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის თვეში ერთხელ ლექციებს წაიკითხავს.
„კავკასიის უნივერსიტეტის ოთხივე სკოლის სტუდენტები გაივლიან პრაქტიკასა და სტაჟირებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. გარდა ამისა, პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ჰქონდეთ წვდომა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაზე, რაც მათ მეცნიერულ კვლევაში დაეხმარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კავკასიის უნივერსიტეტი ფინანსთა სამინისტროსთვის კადრებით მომარაგების წყარო იქნება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტს ფინანსთა სამინისტროსთან აქტიური ურთიერთთანამშრომლობა ექნება ლექციების ორგანიზების კუთხით.
მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტი ვალდებულებას იღებს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოს საჭირო მეთოდოლოგიური მასალებით, წვრთნის მოდულებითა და ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა ინტელექტუალური რესურსებით. იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება.
კავკასიის უნივერსიტეტი მეორე უმაღლესი სასწავლებელია, რომელთანაც ფინანსთა სამინისტრომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მიმდინარე წლის 8 თებერვალს ასეთივე დოკუმენტი ფინანსთა სამინისტრომ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა.