თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახური ავიაკომპანიის კუთვნილი ლაინერის ასაფრენი ბილიკიდან გადასვლის მიზეზს სპეციალური კომისია დაადგენს.
იყო თუ არა ეს პილოტის შეცდომა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უკვე რამდენიმე საათია პარალიზებულია. სატვირთო ავიალაინერის არასწორად დაფრენის გამო წუხელ დაგეგმილი ყველა სამგზავრო რეისი გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მესაკუთრე კომპანია "ტავის" ხელმძღვანელობას მგზავრებისთვის არც რეისების გადადების ზუსტი მიზეზი განუმარტავს და იმის გამო, რომ მგზავრთა უმეტესობას ღამის გათენება აეროპორტში მოუწია, არც ბოდიში მოუხდია.
თავდაპირველად, "ტავის" ხელმძღვანელობამ მგზავრების შეცდომაში შეყვანა სცადა და განაცხადა, რომ რეისები უამინდობის გამო ვერ შესრულდებოდა. თუმცა ის, რომ აღნიშნული ყაზახური ავიაკომპანიის კუთვნილი ავიალაინერის საფრენი ბილიკიდან გადასვლითYიყო განპირობებული, "ჯი-ეიჩ-ენის" კორესპონდენტებმა შეიტყვეს, რომლებიც მგზავრთა შორის იყვნენ და ბერლინში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ.
როგორც გაჟღერდა, სატვირთო ავიალაინერი ალმა-ატადან ჰონკონკგში მიფრინავდა და თბილისის აეროპორტში საწვავის შესასვსებად დაჯდა.
გადაზიდვების დეპარტამენტის მენეჯერის კაკო ბარქაიას განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 12:00 საათამდე იქნება დაკეტილი, გადადებული სამგზავრო რეისები კი სწორედ 12:00 საათის შემდეგ შესრულდება. თუმცა როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აეროპორტის მორიგე უფროსმა გიორგი გურგენიძემ განუცხადა, ფრენები, სავარაუდოდ საღამომდე ვერ აღდგება, რადგან ყაზახური ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ბილიკიდან გადაყვანა მისი ტვირთისგან ჩამოცლის გარეშე ვერ მოხდება.
"უკვე მიმდინარეობს ყაზახური ავიაკომპანიის თვითმფრინავიდან ტვირთის ჩამოცლა, რათა ლაინერის გადაადგილება მოხდეს, თუმცა ამას კიდევ რამდენიმე საათი დასჭირდება", - განაცხადა გურგენიძემ.