დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, ესპანეთის ელიტარული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ესპანეთის ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, რკინიგზის, სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების სერტიფიცირებისა და სხვა სფეროს 11 მსხვილი ბიზნესკომპანიის ხელმძღვანელებმა, მინისტრს საქართველოში კონკრეტული ინტერესი და მოლოდინი გააცნეს.
კომპანიის "ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა და გარემოს დაცვა" წარმომადგენელმა მინისტრს კონკრეტული შეთავაზება წარუდგინა - ესპანელმა ბიზნესმენებმა გამოხატეს სურვილი ჩაერთონ საქართველოში მდინარეების დაცვის პროექტებსა და კარტოგრაფიის სფეროში.
„მე წარმოვადგენ ესპანურ-ქართულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს თანამშრომლობით პროექტებს და დაფუძნებულია საერთაშორისო მრავალმხრივი ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის ბანკი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზნები და ჩამოვედით საქართველოში გარემოს დაცვისა და სხვა სამინისტროებიდან იმ სფეროების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რაშიც შესაძლოა ვითანამშრომლოთ მომავალში. ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი რკინიგზის, გზის და წყლის მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას რა სფეროში ვითანამშრომლოთ ქართულ კომპანიებთან." - განაცხადა ესპანელმა ბიზნესმენმა ფერნანდო ლანზასმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, საქართველოში არსებული გაზის ინფრასტრუქტურისა და ჰიდროელექტროსადგურების მდგომარეობაზე, სატრანსპორტო გზის, რკინიგზის მოდერნიზების პროექტზე, განახლებადი და ასევე ალტერნატიული ენერგოწყაროების შესახებაც.
„იმედი მაქვს ეს შეხვედრა არ მიიღებს ფორმალურ სახეს და პრაქტიკულ პროექტებში გადაიზრდება. არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელშიც ესპანეთის გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვაქვს ჩვენი შეთავაზებები სხვადასხვა სექტორში, როგორიც არის ტყე, წყლის რესურსები. ცნობილია, რომ აშშ-ს შემდეგ ესპანეთი მზის ენერგიის გამოყენებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ასევე მაღალ დონეზეა განვითარებული ქარის ენერგიის გამოყენებაც, ჩვენთვის საინტერესოა ალტერნატიული აღდგენითი რესურსების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში. ესპანეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პარტნიორობა და ინვესტიციები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია." - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ესპანელი ბიზნესმენები საქართველოს 11 თებერვალს დატოვებენ.