ლანჩხუთში გაზიფიკაციის პროცესი დასრულდა.
გაზსადენი კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზმა" გახსნა. გაზის ქსელის მშენებლობის დამთავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე სოსო ვარსემაშვილმა და "სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალურმა დირექტორმა ანარ მამედოვმა მიიღეს მონაწილეობა.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს "სოკარ ჯორჯია გაზ"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, "სოკარ ჯორჯია გაზმა", ლანჩხუთში 18 ქუჩის გაზიფირებისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაასრულა. ბუნებრივი აირის მიღება 578 პოტენციურ აბონენტს შეეძლება.
კომპანიამ გაზსადენების მშენებლობა უკვე დაასრულა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორ-მუღანლოში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ნინიგორში, მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში, დმანისის რაიონის სოფელ თნუსში. ასევე დასრულდა ქალაქების ზუგდიდის, დუშეთისა და ხაშურის ქუჩების გაზის ქსელების მშენებლობა. შედეგად, 5700 აბონენტს საშუალება მიეცა ჩაერთოს გაზის ქსელში.
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული სამწლიანი საინვესტიციო პროგრამის მიხედვით, "სოკარ ჯორჯია გაზი" საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 150 ათასი ახალი აბონენტის გაზიფიცირებას განახორციელებს.