იაპონელმა გეოლოგებმა მსხვილი სეისმური ნაპრალი ატომურ ელექტორსადგურ "ცურუგას" სიახლოვეს აღმოაჩინეს, რომელიც კუნძულ ხონსიუს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მეცნიერები, ახლო მომავალში არ გამორიცხავენ მიწისძვრის საფრთხეს აღნიშნულ რეგიონში, რამაც, შესაძლოა, ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ნგრევა გამოიწვიოს. ამ ინფორმაცია "The Japan Times" ავრცელებს.
მოხსენებაში, რომელიც იაპონიის ბირთვული ენერგეტიკის კონტროლის ცენტრს წარედგინა, ნათქვამია, რომ სახიფათო რაიონში ნაპრალი დაახლოებით ასი ათასი წლის წინ წარმოიქმნა და ტერიტორია ჯერ კიდევ ინარჩუნებს ძლიერ სეისმურ აქტივობას. თავად ნაპრალი სულ რაღაც 250 მეტრშია ატომურ ელექტროსადგურ "ცურუგას" მეორე ენერგობლოკიდან.
მოხსენებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ამ რაიონში ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ძალიან მაღალია. ამასთან დაკავშირებით, იაპონიის ბირთვული ენერგეტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა, შუნიჩი ტანაკამ განაცხადა, რომ შესაძლებელია სადგურ "ცურუგას" სასწრაფო წესით დემონტაჟიც მოხდეს.
ატომური ელექტროსადგური "ცურუგა" ორი რეაქტორისაგან შედგება, ერთ-ერთი 1970 წელსაა აშენებული, ხოლო მეორე - 1987 წელს. სადგურის სიახლოვეს პატარა ქალაქია, 67 ათასი მცხოვრებით, ხოლო 100 კილომეტრში, იაპონიაში სიდიდით მეორე ქალაქი - ნაგოია. ამ დროისათვის, ამ სადგურის რეაქტორები, იაპონური ატომური სადგურების უმრავლესობის მსგავსად, დახურულია. ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლება გასული წლის მარტში, "ფუკუსიმა1"-ზე მომხდარი ავარიის შემდეგ მიიღო. ავარია, როგორც ცნობილია, ცუნამმა და ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია.