იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებს, რომელთა პროექტის მიზანიც ინგილოური დიალექტის კომპლექსური შესწავლაა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამუშაოდ არ უშვებენ. კახის რაიონში ქართველი მეცნიერების დასაშვებად კახის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნებართვას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ითხოვს.
„ამ პროექტის განხორციელებისთვის დახმარება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ, განჯის უნივერსიტეტის რექტორს ვთხოვეთ. ის კახის რაიონის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. გამგებელმა კახის რაიონში ქართველი მეცნიერების სამუშაოდ დასაშვებად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდეტის ადმინისტრაციიდან ნებართვა მოითხოვა. ნებართვის მისაღებად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გავაგზავნეთ, პროექტის ანოტაციასთან ერთად, მაგრამ ადმინისტრაციიდან არავინ გამოგვეხმაურა. საქართველოს განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მეშვეობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს კიდევ ერთხელ მივწერეთ გასული წლის აპრილში. წერილში ვწერდით, რომ პროექტის განხორციელება 2009 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში იყო დაგეგმილი. სამინისტროდან პასუხი სექტემბერში მივიღეთ. გვწერდნენ, რომ რადგან სექტემბერში სკოლებში სწავლა დაიწყო, პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე შეუძლებლი იყო. ჩვენი პროექტი სკოლებში სასწავლო პროცესთან არაფერ შუაში არ არის. კიდევ მივწერეთ, სადაც ვკითხეთ, როდის იქნება შესაძლებელი ჩვენი მეცნიერების კახის რაიონში შესვლა, მაგრამ პასუხი აღარ მიგვიღია", - აცხადებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი გოცირიძე.
საინგილოში ქართველი მეცნიერების არ შეშვებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.