"აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნა საშინაო საქმეთა სამინისტროდ და მისი სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბება, რომელიც მმართველობას განახორციელებს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროებში", - ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ წარუდგინა.
პროგრამაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია პოლიციის საქმიანობის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის უზრუნველყოფა.
"პოლიციელები გათავისუფლდებიან პოლიტიკური წნეხისაგან და შეიქმნება მათი საქმიანობის ხელშეუხლებლობის სამართლებრივი გარანტიები. მართლწესრიგის უზრუნველმყოფი ორგანოების დეპოლიტიზება და მათი დამოუკიდებლობა არის მოქალაქეების, მათ შორის, ამ ორგანოების თანამშრომელთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია", - აღნიშნულია პროგრამაში.