ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO) საცხოვრებელი კომპლექსის - "M2 იპოდრომზე" - დაფინანსების მიზნით, პროექტისთვის დამტკიცებული 20 მილიონი აშშ დოლარიდან, გამოყო მეორე ტრანში 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სადღეისოდ, ჰოლანდიის განვითარების ბანკის მიერ კომპლექსის მშენებლობისთვის ჯამში გამოყოფილია 10 მილიონი აშშ დოლარი.
საცხოვრებელი კომპლექსი "M2 იპოდრომთან", შენდება თამარაშვილის ქ. N 13-ში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასთან. ბინები ბარდება დასრულებული რემონტით. რემონტის შესრულებისას გათვალისწინებული იქნება ბინის მფლობელის გემოვნება. კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები. ამასთან, პროცესზე კონტროლს ახორციელებს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია. "M2 იპოდრომთან" საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულდება 2014 წლის სექტემბრის ბოლოს.
"საცხოვრებელი კომპლექსისთვის მიღებული დაფინანსების მეორე ტრანში, 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, უზრუნველყოფს მშენებლობის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნადარეიშვილმა და დასძინა, რომ "პროექტის დაფინანსება ისეთი საიმედო ინსტიტუტის მიერ, როგორციაა ჰოლანდიის განვითარების ბანკი, "M2 იპოდრომთან" სამშენებლო კომპლექსის წარმატებით განხორციელების გარანტირებული საწინდარია".