საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბრში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.0%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 31.9%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა თვესთან შედარებითაც: სექტემბრის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.4%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 19.0%-ით შემცირდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.630 და 0.504 დონეებზე დაფიქსირდა.
სექტემბრში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (1 631 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 59.5%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 035 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 37.8%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 97.3% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 64 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 7 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 3 სააქციო საზოგადოება.