"ქართული ოცნების" საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა კობახიძე საჩხერის საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ განაცხადა, საარჩევნო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
"საარჩევნო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები. კერძოდ, მთელ რიგ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს ნაკლებობით ჩაჰბარდათ, ზოგან 50-ით, ზოგ საარჩევნო უბანზე 80-ით ნაკლები ბიულეტინი ფიქსირდება, რაც დღის მეორე ნახევარში პრობლემას შექმნის, რადგან ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა და ბიულეტინების სიმცირის გამო ხმის მიცემის პროცესი შესაძლოა შეფერხდეს", _ განაცხადა კობახიძემ.
მისი განცხადებით, ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ბეჭდები არასწორად მიიტანეს.
"წუხელვე სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა, რომლის გამოსწორებაც დროულად მოვახერხეთ. თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბნის ბეჭდები დარღვევით ჩაბარდა. ეს დარღვევა რომ არ გამოგვემჟღავნებინა, ფაქტობრივად, ვერც ერთ უბანზე ხმის მიცემის პროცესი რვა საათზე ვერ დაიწყებოდა", - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ფაქტი შემთხვევითით არ მომხდარა.
"როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამ ფორმით არჩევნების ჩაშლის მცდელობა ჰქონდა, რადგან თუ საარჩევნო უბანზე ბიულეტენები და ბეჭდები არ იქნებოდა, ამის გამოსწორებას 3-4 საათი დასჭირდებოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ არჩევნები ჩაიშლებოდა ", _ განაცხადა კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ცესკოში საჩივარი შეიტანეს.