შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში „ახალი მემარჯვენეებიდან" თელავში კენჭს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე იყრის. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს თავად ჩიხრაძემ დაუდასტურა.
„გარკვეული სამუშაოები უკვე დაწყებულია, დღეს მოხდება წარდგენა, რის შემდეგაც წინასაარჩევნო კამპანიას დავიწყებთ", - განაცხადა ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძემ თელავში კენჭი ერთხელ უკვე იყარა. 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ის გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. ჩიხრაძემ ხმების დიდი რაოდენობა დააგროვა, თუმცა არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გია არსენიშვილმა გაიმარჯვა.
„თავისუფალი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი მოსიაშვილს მიაჩნია, რომ არჩევნებში ფიქრია ჩიხრაძის მონაწილეობის მიზანი ოპოზიციური ხმების მიტაცებაა. „მაგრამ, განა რამდენი ხმა უნდა მიიტაცოს 100-150? აბა მეტს ვერ მიიღებს...როცა მიიღო ხმები, ის ერთიანი ოპოზიციის იყო. მოკლედ, მუშაობს „ნაციონალური მოძრაობა", - წერს მოსიაშვილი სოციალურ ქსელში.
ფიქრია ჩიხრაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურა, რომ „ახალი მემარჯვენეებიდან" გურჯაანში კენჭს პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგი იმერლიშვილი იყრის.