ქართული დამკვირვებლები მზად არიან უკრაინაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში მოხალისეებად მაინც ჩაერთონ.
აღნიშნულის შესახებ ქართული დელეგაციის წევრებმა მზადყოფნა მას შემდეგ გამოთქვეს, რაც კიევის სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, დროის სიმცირის გამო, უკრაინის ცესკომ ქართველი დამკვირვებლების დარეგისტრირება ვერ მოასწრო.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიის სარჩელთან დაკავშირებით კიევის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება წუხელ, გვიან ღამით გამოაცხადა. მან კიევის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ის უკრაინის ცესკოს არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების დარეგისტრირებას სთხოვდა, ძალაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ იანუკოვიჩის პარტია სარჩელში სწორედ კიევის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა.