არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეებიდან "უხეში დარღვევის" ამოღების წინააღმდეგნი არიან. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის წევრებთან არასამთავრობო სექტორის შეხვედრაზე "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" წარმომადგენელმა დიმიტრი ხარჩიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" კანონიდან დისციპლინური გადაცდომის სახეებში "უხეში დარღვევა" უნდა დარჩეს და მის ნაცვლად ამოვარდეს "არაჯეროვანი შესრულება", რომელიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
აღნიშნულს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე გამოეხმაურა და დასძინა, რომ დისციპლინური დარღვევების სახეებში "უხეში დარღვევა" "ძველი გადმონაშთია" და მის არსს "არაჯეროვნად შესრულება" კარგად გადმოსცემს.
შეგახსენებთ, რომ დღეს არსებული რეგულაციით, მოსამართლეს დისციპლინარული სასჯელი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევის შემთხვევაში ეკისრება.
კანონის უხეშ დარღვევად ითვლება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნების დარღვევა, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა) პროცესის მონაწილის, მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ან საჯარო ინტერესებს. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ნორმა კანონიდან ამოდის.