საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში, ევროპარლამენტის თავჯდომარეობიდან პოლინეთის გაცილებისადმი მიძღვნილ გალა-სადილს დაესწრო. მისი თქმით, საქართველო საუკუნეების მანძილზე ევროპისკენ მიიწევდა და ამის მიღწევა ახლა შესაძლებელია.
"ადრე, თუ ვინმე მეტყოდა, რომ ერთ დღესაც საქართველო შეიძლებოდა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, ჩავთვლიდი, რომ მეხუმრებოდა. ჩემი აზრით, ეს დონალდ ტუსკმა შესაძლებელი გახადა. მან ამაზე საუბარი ძალიან თამამად დაიწყო და შემდეგ ეს პრეზიდენტმა სარკოზიმაც გააგრძელა. ეს თემა მთავარ მუსიკად იქცა ევროპის ყველა დედაქალაქში. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, კომპოზიტორი იყო დონალდ ტუსკი და მის შემდეგ დაიწყო ამ მნიშვნელოვანი კომპოზიციის გაჟღერება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველო რასაც ევროპარლამენტისგან იღებს, მართლა ახდენილ ოცნებას ჰგავს.
"1993 წელს მე ჩამოვედი, როგორც სტუდენტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩემთან ერთად ბევრი პოლონელი სტუდენტი იყო, ვისაც დავუმეგობრდი. უნდა დაგვეწყო სტაჟირება ევროსაბჭოში და ამისთვის საჭირო იყო, გაგვევლო ორკვირიანი უსაფრთხოების შემოწმება პოლონელებთან ერთად, რადგან არათუ არ ვიყავით ევროკავშირის წევრები, არამედ ამაზე სერიოზულადაც კი არ გვიფიქრია. ჩვენ არც კი მოველოდით, თუ ოდესმე ორგანიზაციის წევრები გავხდებოდით. ნახეთ, რა გზა გამოვიარეთ იმ დროიდან, როცა ორგანიზაციის შენობაში თავისუფლად არც კი გვიშვებდნენ. დღეს პოლონეთი ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქვეყანაა და საქართველო იღებს შანსს, ამ ორგანიზაციის წევრი გახდეს ახლო მომავალში. ის, რასაც ჩვენ ამ ორგანიზაციისგან ვიღებთ, მართლა ახდენილ ოცნებას ჰგავს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქშიშტოფ ლისეკის შესახებაც და მხარდაჭერისთვის ევროპელი გმირი უწოდა.
"თუმცა, მან არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენ 542 გმირი გვყავს, ანუ ყველა ევროპარლამენტარი, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. 542 სახელს ვერ დავიმახსოვრებ, მაგრამ ლისეკი ადვილი დასამახსოვრებელია. ვფიქრობ, ის ქართულ ისტორიაში დარჩება. ეს არის ორი ბედის საოცარი დამთხვევა. პოლონეთს ყველა ქართველის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. საოცარია, რომ ბოლო ხანებში, ჩვენი დედაქალაქის რესტავრაციისას აღმოვაჩინეთ, რომ მისი დიდი ნაწილი პოლონელი ინჟინრების მიერ იყო აშენებული. როცა პრეზიდენტი კომაროვსკი ჩვენთან ჩამოვიდა, მან ეს დამიდასტურა. მთავარი მიზეზი, რის გამოც პოლონელები საქართველოში ჩამოდიოდნენ, რომ აეშენებინათ, არის ის, რომ იმპერია არასოდეს ენდობოდა პოლონეთს, რადგან მისი განვითარება არ უნდოდა. ისინი უნდა წასულიყვნენ სხვაგან, რომ თავიანთი თავი გამოეხატათ. იმპერიამ იფიქრა, საქართველო კარგი ქვეყანაა, მაგრამ ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს და ამიტომ, შეგვიძლია, განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოთ, ამ პროცესს შეაჩერებდნენ. იმპერატორმა ეკატერინე მეორემ თქვა - არასოდეს უნდა მივცეთ პოლონეთს რეფორმების გატარების შესაძლებლობა, რადგან მასზე კონტროლს ვერასოდეს აღვიდგენთ. წელს იგივე ისტორია ჰქონდა ჩემს ქვეყანასაც", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რომელიმე იმპერიას ეს არ სურდეს, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები.
"ყველა რეფორმა, რაც ევროპასთან, კანონის სიმტკიცესთან, გამჭვირვალე და დემოკრატიულ საზოგადოებასთან გვაახლოებს, შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არ გვადარდებს, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, პოლონეთმა გაატარა რეფორმები და თუ მან შეძლო, იგივე ჩვენც უნდა გავაკეთოთ - მიუხედავად იმისა, რომ რომელიმე იმპერიას შეიძლება ეს არ სურდეს. აქ ყოფნისას თავი საკუთარ ოჯახში მგონია, ვხედავ ჩემს ძმებს, დებს და ბიძაშვილებს. მოხარული ვიქნები, თუ თქვენც იმავეს იგრძნობთ ჩემდამი და ჩემი ხალხისადმი, რადგან ჩვენ გვსურს, ვიყოთ ნამდვილი ევროპელები. ჩვენ უბრალოდ ევროპელები კი არ ვართ, არამედ საოცარი ენთუზიაზმით სავსე ერი, რადგან, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გვიხდება გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა თქვენამდე მოვიდეთ. საუკუნეების მანძილზე საქართველო ევროპისკენ მიიწევდა და შეიძლება ამ მიზანს ახლა მივაღწიოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.