თბილისის მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, საქველმოქმედო აქციის სახით, „თბილისის საერთაშორისო მოთამაშეები" (TIP) რიჩარდ ლავლოკის პანტომიმის სპექტაკლი - "მძინარე მზეთუნახავი" წარმოადგინეს.
თეატრის სცენაზე დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები თამაშობდნენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სპექტაკლის რეჟისორმა ჯულიეტ ზაიზერიმ განუცხადა, არაპროფესიონალი მსახიობის მიმართ საზოგადოება უფრო კეთილგანწყობილია.
"მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი ვარ, ხშირად მიწევს ასეთ არაპროფესიონალ ადამაინებთან მუშაობა, ეს ძალიან დიდი სიამოვნებას მანიჭებს. ხალხი არ არის კრიტიკული, პირიქით ჩართულები არიან ამაში. თავდაპირველად, ბავშვები არ გვინდოდა სპექტაკლში, მაგარამ ძალიან ოჯახური სიტუაცია შეიქმნა და მერე დავთანხმდი. ეს ბრიტანული ტრადიციაა, მე ამერიკელი ვარ, ჩემი სიძე ქართველია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს ქვეყანა", - განაცხადა რეჟისორმა ჯულიეტ ზაიზერიმ.
რეჟისორმა მარჯანიშვილის თეატრში "მძინარე მზეთუნახავის" პრინცს "ჯორჯ ბაგრატიონი" დაარქვა და ქართული ტრადიციული ქორწილიც მოუწყო, სადაც დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები ქართულ "დაისზე" აცეკვდნენ.
სპექტაკლში მონაწილეობდენ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი ლუის ნავარო, BP-ის დირექტორი ნილ დანი; AmCham-ის დირექტორი ჯორჯ ველტონი და ბიზნეს და დიპლომატიური წრეების სხვა წარმომადგენლები.
"პოლიტიკაში ვმუშაობ, რომელსაც დიდი დრო მიაქვს. თეატრში ძალიან დიდი ხნის წინ, საშუალო სკოლაში ვთამაშობდი. 2009 წელს მომეცა საშუალება დავბრუნებოდი ბავშვობას. საქართველოში ხშირად ანეგდოტები და იუმორისტული ნომრები არ ჭრის, მაყურებელი ვერ იგებს, მაგრამ როდესაც ცეკვა და მუსიკაა უხარიათ და ყველაფერი კარგად მიდის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორმა, ლუის ნავარომ.
"მართალია პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ მომწონს აქ ყოფნა, ფულს არ გვიხდიან ამაში, მაგრამ ისეთი კარგი გარემოა, რომ სიამოვნებით ვმუშაობ. ყველა სამუშაოს შემდეგ მოდიან და ძალიან მხიარულები და კარგ განწყობაზე არიან. მეგობრულები და კონტაქტურები არიან. დღეს ყველა ძალიან დიდ ენერგიას დებს ამ თეატრში. საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი, აპრილში ჩამოვედი ევროპის მოხალისეთა პროგრამით. ერთი წლით ვარ მოხალისე თბილისში, ბავშვთა სახლებში. ოთხნი ვართ ესტონეთიდან და ჩვენი მოვალეობა არის, უპატრონო ბავშვების ინტეგრაცია მოვახდინოთ საქართველოში", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ტვუნ ოლგომ.
ცნობისთვის, ეს არის მესამე მსგავსი ტიპის წარმოდგენა, რომელიც იმართება თბილისში. აქამდე ჩატარებულა ორი ბრიტანული სტილის პანტომიმის სპექტქკლი: „კონკია" - 2009 წელს და „ბნელი რაინდი" - 2010 წელს. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს წარმოდგენის ბილეთების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსული გადაეცემათ ბავშვთა სახლებს. შეგახსენებთ, რომ TIP შეიქმნა საქველმოქმედო მიზნებისთვის და ინგლისურენოვანი სამოყვარულო პანტომიმის თეატრის მხარდასაჭერად. თბილისის ყოველწლიური პანტომიმა არის საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებისგან შემდგარი თეატრალური საზოგადოება და მოყვარულთა შემოქმედებითი დასი, რომელიც ჩამოყალიბდა TIP-ის მხარდაჭერით. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" TBSC consulting"-ის დირექტორმა პაულ ცლარკმა განუცხადა, წლევანდელი ღონისძიების მხარდამჭერები არიან TBSC consulting, Radisson, KPMG, McDonalds, Microsoft, AmCham, GAU, Gosselin Moving, და ნატახტარი.