13 ოქტომბრის საღამოს რუსეთის ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს. დაფიქსირდა დარტყმები თბოელექტროსადგურსა და საცხოვრებელ სახლზე. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ უკრაინა არ გაუფრთხილებიათ.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. პარტნიორების მხრიდან კვლავ არ ყოფილა წინასწარი გაფრთხილება. მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, კერძოდ, თბოელექტროსადგური №4 იყო. მას სამწუხაროდ, რაკეტები მოხვდა.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლიც. ამჟამად მაშველები ხანძარს აქრობენ. ჩვენმა სისტემამ რაკეტები მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ისინი უკვე, ფაქტობრივად, კიევს უახლოვდებოდნენ. თბოელექტროსადგური №4 კიევის ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული ობიექტია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ბალისტიკური რაკეტების ახალი გაშვებისთვის ემზადება.
„ფაქტები აჩვენებს, რომ რუსეთი საჭიროდ არ მიიჩნევს, დაიცვას ის, რაზეც ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა. უკრაინამ ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა. რუსეთი კი მიზანში იღებს მორიგ ელექტროსადგურსა და ჩვენი ხალხის სიცოცხლეს. ეს ნამდვილად უსამართლობაა, როდესაც ისინი ანადგურებენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, უკრაინა კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილებასაც ვერ იღებს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ამაზე არ დუმდეს. ასევე მნიშვნელოვანია, ამერიკამ რეალურად დაინახოს, რა ხდება და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ომი გრძელდება“, - წერს ზელენსკი.