სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო და დარბაზის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დამსწრე საზოგადოებამ შეაჯამა "სახალხო კრების" გავლილი ერთწლიანი მუშაობა.
აღინიშნა, რომ "სახალხო კრება" ყოველთვის ადეკვატურად მოქმედებს არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ კრების იდეაშივე დაინახა საშიშროება და მის წინააღმდეგ სრული მასშტაბით აამოქმედა რეპრესიული მანქანა.
შეხვედრაზე შეფასება მიეცა 26 მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილ საჩვენებელ სადამსჯელო სისხლიან სპეცოპერაციას, სადაც ძალოვანებმა ალყა შემოარტყეს მშვიდობიან მომიტინგეებს, არ დაუტოვეს გასასვლელი გზა და უმოწყალოდ გაუსწორდნენ არა მხოლოდ მათ, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.
აღინიშნა, რომ "სახალხო კრება" დღეს არის ქვეყანაში ერთადერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე მეტი რეპრესირებული და პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.
დარბაზის წვერებმა ისაუბრეს "სახალხო კრების" სამომავლო მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკაზე დღეს არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობის გათვალისწინებით. ითქვა, რომ ქვეყანაში რეალობა შეცვლილია ოპოზიციის სასარგებლოდ, ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურის პოლიტიკაში შემოსვლით როგორიც ბიძინა ივანიშვილია.
"სახალხო კრება" განაგრძობს მუშაობას, განახლდება ინტენსიური შეხვედრები აღმასრულებელ საბჭოსა და დარბაზის წევრებს შორის, ასევე გაგრძელდება მუშაობა რეგიონალურ ორგანიზაციებში.