დღეს, 29 სექტემბერს, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის (EPF) დელეგაცია ჩამოვა.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან; ასევე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ნიუ-იორკის ოფისისა და EPF-ის ბრიუსელის შტაბბინის წარმომადგენლები.
EPF-ის აღმასრულებელ კომიტეტში გაერთიანებულია ევროპის 10 ქვეყნის პარლამენტარი. მისი პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი წერეთელია.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მოსახლეობისა და განვითარების ევროპის საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტი გიგი წერეთელი გაუძღვება. სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-სა და ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) საპარლამენტო ჯგუფის წევრები.
სტუმრები შეხვედრებს გამართავენ ქართველ დეპუტატებთან და მთავრობის წევრებთან; ეწვევიან ეროვნულ სკრინინგცენტრს, შეხვდებიან შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, მოინახულებენ 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს, დაათვალიერებენ დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს.