"ბატონ რობერტ სტურუასთან ერთად ვემშვიდობები ჩემს საყვარელ რუსთაველის თეატრს, რომელსაც "ხანუმადან" და "კავკასიური ცარცის წრიდან" მოყოლებული და "ნადირობის სეზონით" დამთავრებული, შევწირე ნახევარი საუკუნე. მადლიერებით და სიყვარულით ყველა თაობის მსახიობების და ყველა თაობის მაყურებლის მიმართ", - ასე წერია გია ყანჩელის წერილში, რომელიც რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელ "facebook"-ში გაავრცელა.
წერილი 25 სექტემბრით თარიღდება, იმ დღით, როდესაც რუსთაველის თეატრის სცენაზე "ნადირობის სეზონის" პრემიერა იყო.
წერილი, რომელიც ყანჩელმა რობერტ სტურუას მისწერა, რეჟისორმა სოციალურ ქსელში დღეს თავის გვერდზე გამოაქვეყნა, რადგან სტურუას თქმით, მეგობრის თხოვნით ეს წერილი, სპექტაკლის შემდეგ, გამოთხოვებისას უნდა წაეკითხა, მაგრამ გადაიფიქრა.
წერილთან დაკავშირებით რეჟისორი თავის გვერდზე წერს, - "ბევრი მეკითხება, რა ეწერა გიას წერილშიო? მართლაც, ისე ვღელავდი, რომ ვერ გითხარით, რა ეწერა მის წერილში - ამოვიღე ჯიბიდან და რა წერილი იყო, ახსნა დამავიწყდა. ვაქვეყნებ. მიხვდებით ალბათ, რომ მართლა ვაპირებდი თეატრთან გამოთხოვებას. გიამ მთხოვა, ეს წერილი წაიკითხეო დამშვიდობების ჟამს...მაგრამ გადავიფიქრე. დანარჩენი იცით".
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრში ახალი სეზონი სტურუას "ნადირობის სეზონით" გაიხსნა, სადაც რეჟისორმა რუსთაველის თეატრში დარჩენის გადაწყვეტილების შესახებ გაახმოვანა.
"ფიქრობენ, რომ საერთოდ წავალ საქართველოდან, მაგრამ ეს ჩემი სამშობლოა და მე შევიცვალე აზრი. რაც შემრჩა ამ თეატრიდან, ეს არის ჩემი მეგობრების და დასის სიყვარული და მე დავუჯერებ მათ", - განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამ, სპექტაკლის "ნადირობის სეზონის" საპრემიერო ჩვენების შემდეგ.
ცნობისთვის, როგორც "ჯი-ეიჩ-ენის" თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ელენე კვირცხალიამ განუცხადა რეჟისორსა და თეატრის მმართველ, ზაალ ჩიქობავას შორის მოლაპარაკება ჯერ არ შემდგარა.
"არანაირი შეხვედრა ჯერ არ ყოფილა და ჩვენ თავად გავავრცელებთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს კვირცხალია.
შეგახსენებთ, რომ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას 9 აგვისტოს ბრძანებით, "ქსენოფობიური მეტაფორების" გამო მოხსნეს.