დუშეთის ქუჩებში მოხეტიალე შინაურ პირუტყვის პატრონს 10 ლარით დააჯარიმებენ და ამ თანხის გადახდა მას 20 დღის ვადაში მოუწევს. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნა, კანონ-პროექტი ახლო მომავალში დამტკიცდება.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე ცარო საძაგლიშვილი, ამბობს რომ დუშეთი მალე ტურისტულ ქალაქად გადაიქცევა.
"აქ ბევრი ისტორიული ძეგლია. ახლო მომავალში დაიწყება ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია, ტურისტულ ქალაქში კი ყოვლად დაუშვებელია პურუტყვმა ქუჩაში იაროს და გაზონები გაანადგუროს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვუაროთ ქალაქს. თუ პირუტყვს საზოგადოების თავშეყრის ადგილზე ნახავენ, თავშესაფარში გადაიყვანენ და ჯარიმის გადახდამდე იქ დარჩება,"- ამბობს დუშეთის საკრებულოს თავჯდომარე ცარო საძაგლიშვილი.
მისივე ინფორმაციით პირუტყვისთვის დროებითი თავშესაფრის მოწყობა უახლოეს დღეებში დაიწყება.