ღალიის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ქართული ტაძრის მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა.
უფრო კონკრეტულად, მისი განმარტებით, წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდამდე ნავარაუდევია ღალიის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ტაძრისთვის შერჩეული მიწის ნაკვეთის ქართული მხარისთვის ოფიციალურად გადმოცემა და აღნიშნულთან დაკავშირებით კვიპროსის მთავრობის მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღება.
„ქართული მონასტრის მშენებლობის საკითხზე, რაც აუცილებლად ქართული არქიტექტურით აშენდება, ჩვენს ეკლესიებს შორის პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია. დღეისთვის იმ პროცედურების გავლა მიმდინარეობს, რომელიც მშენებლობის დაწყებისთვისაა საჭირო. ეს ერთ-ერთი რთული და შრომატევადი პროცესია. ველოდებით, როდის გადმოგვეცემა სპეციალურად შერჩეული ტერიტორია, რაც, სავარაუდოდ, ხანგრძლივი - 49-წლიანი მმართველობის ფორით მოხდება და რასაც, კვიპროსის მთავრობის სათანადო გადაწყვეტილება სჭირდება. უკვე შემდეგი ეტაპია პროექტის შემუშავება, რომელიც, იქედან გამომდინარე, რომ რელიეფი არც ისე მარტივია, ადვილი არ იქნება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დიპლომატმა.
რაც შეეხება მონასტრის მშენებლობის დაფინანსების საკითხს, ვლადიმერ კონსტანტინიდს იმედი აქვს, რომ ეს ქართული საზოგადოების ძალისხმევით - დიაპორისა და ბიზნესწრეების დახმარებით მოხდება.
„რეალურად, ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ეს იქნება ქართული არქიტექტურით აშენებული პირველი მონასტერი", - განმარტა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.