რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს მთელი ოსეთი და აფხაზეთი დაუთმეს და რაღა მისი რეჟისურა იქნება საქართველოს ღალატი.
"მთელი ოსეთი და აფხაზეთი დაუთმეს და რაღა ჩემი რეჟისურა იქნება საქართველოს ღალატი. ახლა მგონი ლაპარაკია იმაზეც, რომ აქეთა მხრიდანაც იქნება მათი აღიარება დამოუკიდებელ ქვეყნებად. ჩემი რეჟისურა საქართველოს კიდევ ერთ რომელიმე ნაწილს არ წაართმევს. მე არ ვუყურებ იმ რუსებს, ვისთანაც მე მივდივარ როგორც მტრებს, რადგან მე იქ ძალიან ვუყვარხარ ხალხს. როცა ვდგავდი "ქარიშხალს" შემომთავაზეს, რომ მე დამეკავებინა მოწვეული მთავარი რეჟისორის პოსტი. მე ვუთხარი, რომ მოგველაპარაკებინა. ეს ამბავი რომ მოხდა, მომაწვნენ ასე ვთქვათ და მითხრეს, რომ აგერ ბინა, ხელფასი, ერთი დადგმა სეზონში, ისევე თავისუფალი იქნები და სადაც გინდა წადი, თუ გინდა საქართველოში თუ გინდა ლონდონში და ა.შ", - განაცხადა სტურუამ მედიაკავშირ "ობიექტივის" ეთერში.
მისი თქმით, მას გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული რადგან მოვლენებს ფინალამდე ჯერ მიუღწევია.
"ჯერ მე არ მითქვამს არაფერი, რადგან ვრგძნობ, რომ მოვლენებმა არ მიაღწიეს ჯერ ფინალამდე და მხოლოდ კულმინაციაა დაწყებული. თაყვანისმცემლების აზრი ორად არის გაყოფილი, ზოგი პირდაპირ მეხვეწება, რომ არ წახვიდე, ზოგი ამბობს წადიო მესამეები ამბობენ რომ ღალატია. თვითონ ინგლისელები მწერენ, რომ კარგია რომ რუსეთიდანაც გაქვს შემოთავაზებები და უცბად არაფერს დათანხმდეო. ჩემთვის იწყება ახალი ეტაპი. ცოტა მტკივნეული მომენტია, რადგან არ იცი სად დაამთავრებ. ის პერიოდია, როცა უსათუოდ კარგად უნდა გავზომო. ბოლოსდაბოლოს ცხოვრების ფინალიც ახლოს არის", - აღნიშნა სტურუა.