22 ოქტომბერს გერმანიის ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც რუსეთის დაზვერვისთვის ნატო-ს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში ედება ბრალი.
მედიის ცნობით, უკრაინის მოქალაქე ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, ოდერ-შპრეეს რაიონში დააკავეს. დაკავება 15 ოქტომბერს გაცემული ორდერის საფუძველზე განხორციელდა.
უკრაინის მოქალაქეს უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას ედავებიან.
სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, არაუგვიანეს 2025 წლის ივლისისა, აღნიშნული პირი შუამავლის მეშვეობით რუსეთის დაზვერვასთან კონტაქტს ინარჩუნებდა.
გარდა ამისა, ის გერმანიის ტერიტორიაზე სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაციას აგროვებდა. კერძოდ, მონაცემებს ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოების, ასევე იმ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო პერსონალისა და სამხედრო ობიექტების შესახებ, რომლებიც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას უზრუნველყოფენ.
აღნიშნულია, რომ ინფორმაციის ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო, დანარჩენ მონაცემებს კი ბრალდებული მიზანმიმართულად იღებდა ევროპულ თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებული პირებისგან.
გამოცემა Der Spiegel წერს, რომ მამაკაცი ბუნდესვერის 45-ე სატანკო ბრიგადით იყო დაინტერესებული. მომავალი წლისთვის ბრიგადის ლიეტუვაში სრულად განთავსება და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანაა დაგეგმილი.