ერევანში სატელევიზიო ფესტივალ "მიმინოში" მონაწილე ქართველ მომღერლებს შორის ანრი ჯოხაძე და სოფო ხალვაში არიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერლებმა განუცხადეს, "ფესტივალი პოლიტიკური კურსისთვის მნიშვნელოვანია".
"ეს არის ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტი, რომელიც "მიმინოს" თემატიკაზეა აწყობილი. პოლიტიკურად ყოველთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყანასთან კარგი დამოკიდებულება, ეს ფესტივალი კი ამისთვისაა. ძალიან კარგი პროექტია, საუკეთესო მომღერლები წამოვედით საქართველოდან და აქაც საუკეთესოები დაგვხვდნენ, რაც ძალიან სასიამოვნოა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ერევანიდან ანრი ჯოხაძემ.
ჟიურის წევრებს შორის ბუბა კიკაბიძეც იყო, რომელმაც სატელევიზიო ფესტივალი სიმღერით გახსნა.
"ბუბა ჟიურიში გახსნის დღეს იყო. ფესტივალში ქართველებიც მონაწილეობენ, რაც ძალიან კარგია. ფესტივალი ათ დღეს გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენები საინტერესო სანახაობას აჩვენებენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კიკაბიძის პროდიუსერმა სოსო აბზიანიძემ.