საქართველოს პრეზიდენტი გამოცემა Time-ს ყურადღების ცენტრში მოექცა. გაზეთი მიხეილ სააკაშვილზე სტატიას აქვეყნებს.
"არავის არასდროს არ დაუდანაშაულებია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმაში, რომ ის ენერგიის ნაკლებობას განიცდის. ის სწრაფად დადის, სწრაფად ლაპარაკობს, სწრაფად ჭამს და სწრაფად ხვდება სტუმრებს. მით უფრო ახლა, როდესაც მისი მმართველობის წუთები დათვლილია (მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება) და როდესაც მას უჩნდება იდეა, რომელიც მოსწონს (მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად უცნაური ან ამბიციურია ის), კაცი რომელსაც ყველა მიშას ეძახის, არ იღლება მანამ, სანამ ყველაფერს არ გააკეთებს იმისთვის, რომ ეს იდეა როგორმე საქართველოში განახორციელოს", - წერს ჟურნალისტი ნათან თორნბერგი.
"რა არის მიშას ბოლო იდეა? დაივიწყეთ ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის ხვეწნა: მას კავკასიის უფრო ერთიან რეგიონად გარდაქმნა სურს, რეგიონად, რომლის „კვანძიც" საქართველო იქნება. იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება ამ იდეამ იმუშაოს და რას ნიშნავს ის ყველა დანარჩენის, მათ შორის ჩვენთვისაც, მე და TIME-ის ფოტოგრაფმა იური კოზირევმა 8 დღე საქართველოში ვიმოგზაურეთ, ზოგჯერ სააკაშვილთან ერთად და მის ქარბორბალა გარემოცვაში, ზოგჯერ კი სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ან ზოგჯერ მარტოც.
საქართველოში მანამდე ორივე ნამყოფი ვიყავით (კოზირევი ბევრჯერ საბჭოთა პერიოდშიც), მაგრამ ჩვენ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით იმ ოპტიმიზმით, თუმცაღა მყიფე ოპტიმიზმით, რომელიც ქვეყანაში აღმოვაჩინეთ. სამი წელი გავიდა რუსეთთან ხანმოკლე და დამანგრეველი ხუთდღიანი ომის შემდეგ და კიდევ უფრო დიდი დრო სააკაშვილის წინაპრების ქაოტური და კორუფციული მმართველობის პერიოდიდან. ჯერ კიდევ არსებობს კონფლიქტი, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით, თუმცა ამავდროულად ადამიანები განაგრძობენ ცხოვრებას და ისეთი ტიპის ქვეყნის შექმნას (მდიდარი, მშვიდობიანი და ბიზნესისთვის გახსნილი ქვეყნის), რომელიც სააკაშვილის თქმით, საქართველოს კავკასიის შუქურად აქცევს", - ნათქვამია სტატიაში.