"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები და პარტიის კანდიდატი თელავის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში ნიკოლოზ ლაშხი დღეს სოფელ გულგულაში გამტკიცულაშვილების ოჯახს ესტუმრნენ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მთავრობას შორის შეთანხმების თანახმად, 57 ათასი ქულიდან 70 ათას ქულამდე გაიზარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა, რომლებიც წიგნებს უკვე მეორე წელია უფასოდ იღებენ. ეს შეღავათი I-დან XII კლასის ჩათვლით, ათეულობით ათას ბავშვზე ვრცელდება.
"ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი განათლების ხელმისაწვდომობაა. საქართველოში არ უნდა იყოს ოჯახი, რომელიც მცირე შემოსავლის გამო შვილებისთვის ცოდნის მიცემას ვერ მოახერხებს. ქრისტიან-დემოკრატებმა შევძელით მთავრობასთან კომპრომისული შეთანხმების მიღწევა და დღეს გაცილებით მეტი ბავშვი ახერხებს უფასო სახელმძღვანელოებით სარგებლობას. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას ამ მიმართულებით ახალ, დასაბუთებულ და კონკრეტულ წინადადებებს წარმოვადგენთ" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
დღესვე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი სოფელ გულგულას ცენტრში მოსახლეობას შეხვდა და იმ პრობლემებზე ესაუბრა, რის მოგვარებასაც ხალხი პირველ რიგში ითხოვს.